დაფნის მწარმოებლები და ექსპორტიორები ითხოვენ, რომ შემუშავდეს ტექნიკური რეგლამენტი გამონაკლისის სახით და დაფნის ვეგეტაციის პერიოდში მცენარის საწარმოებში ჩაბარება აიკრძალოს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ დირექტორმა დავით კუტალიამ განაცხადა, მწარმოებელთა ნაწილი დაფნას ვეგეტაციის პერიოდში ჩეხს, რაც აფერხებს მცენარის ზრდას და საბოლოოდ ექსპორტის მოცულობისა და შემოსავლების შემცირებაზე აისახება.
„ვეგეტაციის პერიოდში ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექსპორტიორი ჩეხს დაფნას და არ აძლევენ მცენარეს ზრდის საშუალებას, რაც შემდეგ წლებში მოსავლის ნაკლებ რაოდენობაზე აისახება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება შემოსავლების კუთხითაც. არ შეიძლება ვეგეტაციის პერიოდში დაფნის მოჭრა ბიზნეს ინტერესების გამო. მთელი ქვეყნის მოსახლეობა არ შეიძლება რომ დავტოვოთ შემოსავლის გარეშე. მისაწოდებელია ინფორმაცია, რომ ვეგეტაციის პერიოდში მოჭრა დაუშვებელია, თუმცა, გამომდინარე სიდუხჭირიდან, გლეხიც იძულებით ყიდის ამ პერიოდში ნედლ დაფნას. თავის მხრივ, შედეგები ისახება ხარისხში – ნედლი დაფნა საექსპორტოდ როცა გაიგზავნება, უკუშედეგს აჩვენებს და გვქონია შემთხვევა, როცა რამდენიმე ექსპორტიორი კომპანია უკმაყოფილო დაგვრჩა“, – აღნიშნავს კუტალია.
როგორც ასოციაციის დირექტორი განმარტავს, რეგულირების მოთხოვნით უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს. ამჟამად, ფერმერთა ასოციაციის ჩართულობით მზადდება კიდევ ერთი წერილი, რომლითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავენ.
„შესაბამის უწყებებში გავაგზავნე მოთხოვნა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხები არ მიმიღია. ფერმერთა ასოციაცია შემეხმიანა ერთი კვირის წინ და ვამზადებ კიდევ ერთ წერილს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაატაროს რაიმე ღონისძიება და როგორც თევზჭერა და ნადირობაა აკრძალული გამრავლების პერიოდში, იგივე გააკეთოს დაფნასთან დაკავშირებით.
ერთი მხრივ, სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება დაფნის პლანტაციების გაშენებაში, ფულს დებს ამაში და უკუქცევითი პროცესი მიდის – იქიდან რგავენ, აქედან ჩეხენ. ამით ვერც სახელმწიფო იღებს ეკონომიკურ სარგებელს. უნდა მიიღოს სახელმწიფომ შესაბამისი ზომები, რომ 5 წლის შემდეგ ახლანდელი 5-6 ტონა წლიური მოსავალი 5-ჯერ გავზარდოთ,“ – განაცხადა დავით კუტალიამ.
წყარო – bpn.ge