გავრცელებულია დაფნის 2 სახეობა: კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა (Laurus nobilis) და აზორის
(კანარიის) დაფნა
კეთილშობილი დაფნა
ტანდაბალი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია). მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია, 120-150 წლიანი და მეტი ასაკის ხეები არსებობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.
საქართველოში გავრცელებულია კეთილშობილი დაფნის სახეობა-პოპულაცია, მისი მრავალფეროვანი ვარიაციების – ფორმების სახით. კერძო ნაკვეთებზე გავრცელებული მცენარეების და დაფნის ველურად მზარდი ბუნებრივი ნარგაობის ბაზაზე შეარჩიეს პერსპექტიული ფორმა #18.
დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული ფორმაში ზეთშემცველობა 1,8-2 პროცენტის ფარგლებშია.
აზორის დაფნა ანუ კანარიის დაფნა
იზრდება ტენიან ადგილებში, უმთავრესად ტყეებში, აზორის კუნძულებზე, სადაც დაფნისებრთა
ოჯახის სხვა სახეობებთან ერთად ქმნის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებს ზღვის დონიდან 700 მ-მდე
სიმაღლეზე.
მოშენებულია საქართველოს ზოგ ბაღ-პარკშიც. ნაკლებ ყინვაგამძლეა.
აღნიშნული სახეობებიდან საწარმოო თვალსაზრისით უმთავრესად აშენებენ კეთილშობილ დაფნას.
ადგილი თესლბრუნვაში
დაფნის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (პH).
ნაკვეთის რელიეფის მიხედვით დაფნა შეიძლება
გავაშენოთ ფერდობებზე, ბორცვებზე, ხეობებში და ვაკეებზე. დაფნის პლანტაციების გასაშენებლად
უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები და ფერდობები 20 გრადუსისის დაქანებამდე. დაფნის კულტურა
ნიადაგების მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, მაგრამ კარგად ხარობს ღრმა სახნავი ფენის, საკვები
ელემენტებით მდიდარ, საშუალო ან მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ნეიტრალური რეაქციის
მქონე ნიადაგებზე; თუმცა ვითარდება წითელმიწა, ყვითელმიწა და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე
მოკირიანების ჩატარების შემდეგ.
დაფნა ქვეტყის მცენარეა და შედარებით კარგად იტანს ჩრდილს, ამიტომაც დაფნის გაშენება შეიძლება მაღალტანიანი მერქნოვანი ჯიშების ნარგაობაში. დაჩრდილვასთან ერთად დაფნა კარგად იტანს შემჭიდროებულ დარგვასაც. დაფნისათვის გამოუსადეგრია დამლაშებული, ჭარბტენიანი
ნიადაგები.
იმ შემთხვევაში, თუ დაფნის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ
პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის დაფნის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე პH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის
მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების
საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის ძირითადი დამუშავება
დაფნის გაშენებამდე საჭიროა ნიადაგის ღრმა დამუშავება – მოხვნა (45 სმ სიღრმეზე), დარგვამდე 1-
1.5 თვით ადრე ან საჭიროების შემთხვევაში, პლანტაჟი – 60-70 სმ-ის ან მეტ სიღრმეზე. პლანტაჟი ტარდება დარგვამდე სულ მცირე 5-6 თვით ადრე. სხვა შემთხვევაში ტარდება სტანდარტული საშემოდგომო ღრმა ხვნა. სასუქები შეიტანება ნიადაგის ღრმად მოხვნის ან პლანტაჟის წინ. შესატანი სასუქების ზუსტ დოზებს ადგენენ კონკრეტული ნაკვეთის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.
თუ დაფნის ბაღის გაშენება იგეგმება ფართობზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა დაფნა, ამ შემთხვევაში საჭიროა 2-3 წლიანი ინტერვალის დაცვა დაფნის ახალი ბაღის გაშენებამდე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების
რისკები.
ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება
ნიადაგის პლანტაჟის ან ღრმად მოხვნის შემდეგ, ნაკვეთი უნდა გაფხვიერდეს – დაიდისკოს,
დაიფარცხოს და ა.შ. დაფნის პლანტაციის გაშენებამდე ნაკვეთზე შეიძლება დაითესოს წინამორბედი კულტურები – საშემოდგომო-საზამთრო სიდერატები (კოინდარი, კურდღლის ფრჩხილა, ლურჯი იონჯა, ხანჭკოლა), სიმინდი ან სოია.
დაფნა მრავლდება გენერაციულად და ვეგეტატიურად, ანუ თესლით და მცენარის ვეგეტატიური ნაწილებით. თესლით გამრავლების დადებითი მხარეა:
რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, შეცვლილი გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი, სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა და დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების ნაკლები
საშიშროება. უარყოფითი მხარეა ნარგაობის სიჭრელე და გვიან ნაყოფმსხმოიარობაში შესვლა.
ვეგეტატიური გამრავლების დადებითი მხარეა ნამრავლის გამოთანაბრებულობა და ნაყოფმსხმოიარობაში ადრე შესვლა, უარყოფითი – სამუშაოს შესრულების სირთულე და სიძვირე, ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაავადებათა და მავნებელთა გავრცელების მეტი საშიშროება და სხვა.
ვეგეტატიური გამრავლების სახეებია ღეროსეული და ფოთლისეული კალმების დაფესვიანება, ტოტების გადაწვენა და ბუჩქის დაყოფა.
ვეგეტატიური გამრავლების მეთოდებიდან აღსანიშნავია ღეროს ან ფოთლის დაფესვიანების ან ტოტების გადაწვენის გზით სარგავი მასალის მიღება. აღნიშნული მეთოდი თესლით გამრავლებასთან შედარებით რთულია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ მეთოდს გამოიყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია მიღებული იქნას ერთგვაროვანი სარგავი მასალა. ძირითადად ეს მეთოდი გამოიყენება დაფნის სადედე სათესლე პლანტაციის გასაშენებლად. ზოგჯერ მას მიმართავენ სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლადაც.
თესლით გამრავლება – საწარმოო პლანტაციების გასაშენებლად გამოყენებული უნდა იქნას დაფნის
თესლით გამრავლება, ადგილზე თესვით ან გამოყვანილი სარგავი მასალის გადარგვით. ამ წესით
გაშენებული დაფნის პლანტაციები მნიშვნელოვანი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშანთვისებების სიჭრელით ხასიათდება. დაფნის სათესლე და სადედე პლანტაციების მოსაწყობად სარგავი მასალა აუცილებლად უნდა გამოიყვანონ ვეგეტატიური გამრავლების გზით. სარგავი მასალა გამოჰყავთ მუდმივ ან დროებით სანერგეში.
სანერგე – სანერგისათვის უმჯობესია შერჩეული იქნას ვაკე ან ოდნავ დაქანებული, სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი, გაბატონებული ქარებისაგან დაცული, ტრანსპორტის მიმოსვლისათვის
მოხერხებული, დაფნის გასაშენებელი პლანტაციების ზონისათვის დამახასიათებელი კლიმატური
ელემენტების ანალოგიურ პირობებში მოქცეული ნაკვეთი, სადაც გრუნტის წყლის დონე ერთ მეტრზე ქვევითაა. დაფნის კულტურის მოქმედი აგროწესით, სანერგისათვის საუკეთესო ნიადაგია ალუვიურ დანალექებზე წარმოქმნილი ქვეთიხნარი ან ან ქვექვიშნარი, შედარებითმსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი ნიადაგი. სანერგე მეურნეობის ძირითადი ამოცანაა სტანდარტული ნერგის გამოყვანა.
მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, განსაკუთრებით ქვექვიშნარზე, დაფნის ღერძა ფესვი ძლიერ იზრდება და ღრმად ვრცელდება ნიადაგში. შემმოსავი ფესვები ნაკლებად წარმოიქმნება და ისიც ნიადაგის შედარებით უფრო ღრმა ფენებში, ამიტომ ნერგის ამოთხრის დროს დიდად ზიანდება ფესვთა სისტემა, მიყენებული ჭრილობა უფრო ძლიერია, ნერგის ბელტიანად ამოთხრა კი – თითქმის შეუძლებელია.
სხვანაირადაა აგებული ფესვთა სისტემა თიხნარ და ქვეთიხნარ ნიადაგებზე. აქ ღერძა ფესვი ღრმად არ ვრცელდება. შემმოსავი ფესვები უხვად წარმოიქმნება, რის გამოც ნერგს ამოთხრისას ნაკლებად უზიანდება ფესვთა სისტემა, მეტი რაოდენობით რჩება შემმოსავი ფესვები და ბელტი შედარებით ნაკლებად იშლება. დაფნის სანერგისათვის, პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნას თიხნარი და ქვეთიხნარი, საკვებით მდიდარი, სტრუქტურულინიადაგები.
დაფნის სანერგის სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება სუბტროპიკული ხეხილოვანი კულტურების სანერგისაგან და უფრო მარტივია. დაფნის სანერგის შემადგენელი ნაწილებია: სათესი სკოლა -ერთწლიანი და ორწლიანი ნათესარებით და სათესლე-სადედე პლანტაცია, მაგრამ ვინაიდან დაფნის სანერგეებს საკუთარი სათესლე-სადედე პლანტაციები არ გააჩნიათ და იგი შედგება ერთწლიანი და ორწლიანი ნათესარებისაგან, ამიტომ თესვისწინა მომზადება ძირითადად სათესი კვლების მოწყობით ამოიწურება.
თესვა – დაფნის თესლი სიმწიფეში შედის სექტემბრის პირველი დეკადიდან.დაფნის ნაყოფი ბუნებრივ პირობებში, მომწიფებისა და ჩამოცვენის შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე ან მცირე სიღრმეზე ნიადაგში იზამთრებს და მხოლოდ გაზაფხულზე აღმოცენდება.
დაფნის თესლისათვის ნაყოფის ჩამოცვენის შემდეგ დგება მომწიფების პერიოდი, რომელიც ხანმოკლეა. იგი მას გაივლის, როდესაც თესლში ტენიანობა 30-35%-ის ფარგლებშია. თესლის ტენიანობის უფრო დაბალი შემცველობის დროს ჩანასახში ირღვევა ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობა და თესლი აღმოცენების უნარს კარგავს, ამიტომ დაფნის ჯანსაღი ნერგის გამოყვანის საქმეში თესვის ვადას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე უნდა დაითესოს დაფნის სტრატიფიცირებული თესლი ადრე გაზაფხულზე.
ტენიანი სუბტროპიკული ზონის, თბილი და რბილი ზამთრის პირობებში დაფნის თესლი შემოდგომაზე უნდა დაითესოს. აგროწესების თანახმად, ახლად მოკრეფილ დაფნის ნაყოფს უნდა მოსცილდეს ნაყოფგარემო.
ტენიანი სუბტროპიკული ზონის კლიმატურ პირობებში დაფნა უნდა დაითესოს შემოდგომაზე – სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე. თუ რაიმე მიზეზით თესვა შემოდგომაზე ვერ მოხერხდა, მაშინ უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე – 25 თებერვლიდან 15 მარტამდე. დაფნის თესლს უნდა ჰქონდეს არანაკლები 32% ტენი, 95-98% სიწმინდე და არანაკლები – 75% აღმოცენების უნარი. ერთი ჰა სანერგისათვის საჭიროა 500 კგ თესლი. მცირე ზომის სანერგეებში დაფნა უნდა დაითესოს 30 სმ-ით ურთიერთისაგან დაცილებულ ღარებში.
დიდი მნიშვნელობა აქვს თესლის ჩათესვის სიღრმეს. იგი თესვის ვადების, ნიადაგის მექანიკური შედგენილობისა და ტენიანობის მიხედვით უნდა იცვლებოდეს.
შემოდგომაზე, თესვისას ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ უნდა იყოს, საგაზაფხულო თესვის დროს კი 5-6 სმ. თესლი უნდა დაითესოს ერთმანეთისაგან 5-6 სმ-ის დაცილებით.
ნერგის მოვლა – შემოდგომაზე, ნათესის აღმოცენებამდე, საკმაოდ ხანგრძლივი დრო გადის და ამ პერიოდში, სუბტროპიკებში, სარეველა მცენარეები ინტენსიურად აღმოცენდება და იზრდება.
აუცილებელია ნათესარის მათგან გაწმენდა. სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ჰერბიციდები უნდა იქნეს გამოყენებული. დაფნის თესლი, ტენით უზრუნველყოფის დროს, 80ჩ-ზე იწყებს გაღივებას, 10-120-ზე კი – აღმოცენებას. მასიური აღმოცენება ხდება 16-200-ზე. ახალგაზრდა აღმონაცენი თითქმის მთელი წლის მანძილზე დაკავშირებულია ლებნებთან და მისგან საკვებ ნივთიერებებს იღებს.
დაფნის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ღეროს დიამეტრიც ფესვის ყელთან უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ- სა, სიმაღლე კი– 30 სმ.
ტენიანი სუბტროპიკული ჰავის პირობებში, კარგი მოვლის შემთხვევაში, ერთი სავეგეტაციო წლის განმავლობაში შესაძლებელია მიიღონ 60-75%-მდე დაფნის სტანდარტული ნერგი.
მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, ერთ სავეგეტაციო პერიოდში სტანდარტული ნერგების მიღება ძნელია. ერთ ჰა სანერგეში სტანდარტული ნერგის გამოსავალია 100-150 ათასი ცალი ნერგი.
ამოღების დროს საჭიროა ნერგი ბელტიანად იქნეს
ამოღებული და რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ფესვები.
დაფნის ნერგის გახარება დამოკიდებულია ამოთხრილი ნერგების დროულად გადატანაზე და დარგვაზე.
ნერგები ღრუბლიან ამინდში უნდა იქნეს ამოღებული. დაფნის შემმოსავი ფესვები მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებით ადვილად იღუპება, ამიტომ მათი
გაშიშვლება მოსარიდებელია.
ამოთხრის დროს თუ ბელტი დაიშალა, რაც მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ნაზი ქსოვილების გამოშრობისაგან დასაცავად, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოვლებული ნაკელ-თიხისაგან შემზადებულ წუნწუხში.
ნერგები, ამოთხრისთანავე სტანდარტის მიხედვითY უნდა დახარისხდეს და გაიგზავნოს პლანტაციის გასაშენებლად.
საფოთლე პლანტაციის გასაშენებლად არასტანდარტული ნერგის გამოყენება მიზანშეუწონელია.
ერთწლიანი სტანდარტული ნერგით დაფნის პლანტაციების გაშენება ეკონომიკურად მიზანშეწონილი და აგრონომიულად გამართლებულია.
ორწლიანი ნერგების გამოყვანისას ან კიდევ არასტანდარტული ნერგების გასაძლიერებლად
სანერგეში დაბრუნების დროს, მეორე წელს მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებები პირველი წლის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ ნერგების ზრდის გასაძლიერებლად 1 ჰაზე შეტანილი უნდა იქნას ამონიუმის გვარჯილა 750 კგ. ან კარბამიდი 500 კგ.
დაფნის ნერგი გამოჰყავთ აგრეთვე შეხავსებულ კოშტებში, ან კიდევ პოლიეთილენის პარკებში. ეს წესი უფრო შრომატევადი და ძვირია, მაგრამ ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია ნერგების დარგვა ფესვთა სისტემის დაუზიანებლად, რაც განაპირობებს სრული სიხშირის პლანტაციის გაშენებას.
ამ წესით ნერგის გამოყვანისას თესლი უნდა დაითესოს შემოდგომაზე (ნოემბერი) ან გაზაფხულზე. ზრდის გაძლიერების მიზნით, თესლნერგები პერიოდულად უნდა მოირწყას კარბამიდის 0,4%-იანი ხსნარით. ამ წესით გამოყვანილი ნერგები უმთავრესად გამოიყენება პლანტაციების რემონტისათვის. დარგვის წინ ნიადაგს ასწორებენ – აფხვიერებენ, ნაკვეთს აგეგმავენ და იღებენ დასარგავ ორმოებს, დარგვამდე 2-3 დღით ადრე. პლანტაციას აშენებენ შპალერულად ან ბუჩქური წესით. პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენებისას ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ. კვების არით. შპალერული წესით გაშენებისას 8 გრადუსზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ, ვაკე და 8 გრადუსამდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2-2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი ორივე შემთხვევაში 50 სმ. უნდა იყოს.
პლანტაციის გასაშენებლად ბუჩქური წესით 1 ჰა-ზე საჭიროა 6700 ნერგი, ხოლო შპალერული წესით
დარგვისათვის, კი 11500-13400 ნერგი. უშუალოდ დარგვისას შესატანი მინერალური და ორგანული სასუქების ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
გაშენების წინ ნაკვეთის გრძელი მხარის პარალელურად გაყავთ სწორი ხაზი და ჩვეულებრივი წესით იწყებენ დაგეგმვას ყოველ 1,5 მეტრში. მწკრივთა ხაზების მონიშვნის შემდეგ მათ გასწვრივ 30სმ სიღრმეზე აფხვიერებენ 0,5 მეტრი სიგანის სათესლე ან ნერგების დასარგავ ზოლს. სარგავ ხაზზე ამოიღება 20სმ განისა და 25სმ სიღრმის ორმო, სადაც ირგვება სტანდარტული ნერგი, ხოლო თესლით გაშენებისას 4-5 სმ სიღრმეზე ეწყობა ბუდნები, რომელშიც 3-4 ცალი თესლი ითესება და მაჩვენებელი ჯოხით აღინიშნება.
თესლის შეგროვება ხდება შემოდგომაზე წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან. თესვა უნდა მოხდეს ოქტომბერ-ნოემბერში. თესლს უნდა შემოეცალოს ნაყოფ-გარემო. ერთი ჰა პლანტაციის ბუჩქური წესით თესლით გაშენებისას საჭიროა 35 კგ თესლი, ხოლო შპალერული გაშენებისას 70კგ. თუ თესლი შემოდგომით არ ითესება საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იან ტენიანობის სილაში. წინასწარ ხის ყუთში იყრება სილა, მასზე 3-4 სმ სისქით იყრება თესლი, შემდეგ ისევ სილა
და ასე შემდეგ. ყუთის სასურველი სიმაღლეა 40სმ.
ყუთი იდგმება დაცულ ადგილას +2 /+8 გრადუს
ტემპერატურაზე, ტენიანობა 60-70%. შენახული თესლი ითესება 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.
სანერგეში გამოყვანილი ნერგებით სასურველია პლანტაციის გაშენება მოხდეს 1 ოქტომბრიდან 15
ნოემბრამდე ან 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
ნიადაგის დამუშავება დაფნის ბაღში
ახალგაზრდა პლანტაციებში 2-3 წლის განმავლობაში 10-12 სმ სიღრმეზე ტარდება რიგთაშორისებში გაფხვიერება, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში, სადაც
რიგთაშორისები შეკრულია 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საზამთრო გადაბარვა 10-12სმ სიღრმეზე,
გადაბარვის ვადა 15 ნოემბრიდან 1 აპრილამდეა.
ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.
ამ მიზნით ტარდება მწკრივთაშორისების 3-4-ჯერად გათოხნა ან კულტივაცია 5-7 სანტიმეტრ სიღრმეზე.
დაფნის მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა განოყიერების სწორი სისტემის შემუშავება, რომელიც ეფუძნება პერიოდულად ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და ნაყოფიერების დონის დადგენას. დაფნის პლანტაციების განოყიერების მიზნით იყენებენ როგორც ორგანულ ისე მინერალურ სასუქებს.
ორგანული სასუქებიდან გამოიყენება და კომპოსტებული ნაკელი საყოფაცხოვრებო ანარჩენებთან ერთად, ტორფ-კომპოსტი. ტორფ-კომპოსტებიდან შეიძლება გამოვიყენოთ ტორფ-ნაკელი ან ტორფ-დოლომიტი ან ცეო-ტორფი ან ტორფ-ჰუმინური სასუქები და სხვა.
ტორფ-დოლომიტის გამოყენებისას ნიადაგში ერთდროულად ხდება ორგანული სასუქის შეტანა და ნაკვეთის გამდიდრდება საკვები ელემენტი – მაგნიუმით. „ცეო-ტორფის“ გამოყენება უზრუნველყოფს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაუმჯობესებას, გამდიდრებას ორგანული სასუქით და იონგაცვლითი პროცესების ზრდას. ტორფ-ჰუმატები ორგანულ სასუქთან ერთად შეიცავენ სტიმულატორს. წყალხსნადი ჰუმინის მჟავას შემადგენლობა ტორფ-ჰუმატებში გაცილებით მეტია ვიდრე სხვა ტორფ-კომპოსტებში. ორგანულ სასუქად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიოჰუმუსი შემცირებული დოზით 5 ტონა ჰა-ზე. ორგანული სასუქის დოზები განისაზღვრება ნიადაგში ჰუმუსის შემცველობით და იგი მერყეობს 30-50 ტონამდე 4 წელიწადში ერთხელ რიგთაშორისებში შეტანით. მინერალური სასუქების გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგი ღარიბია სამივე საკვები ელემენტით: აზოტით, ფოსფორით და კალიუმით გამოიყენება კომპლექსური მინერალური სასუქი, დანარჩენ შემთხვევებში იყენებენ მარტივ სასუქებს. აზოტის ნაკლებობისას ახალგაზრდა პლანტაციაში გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა 150 კგ ჰა-ზე, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში გამოიყენება 500კგ. ფოსფორის ნაკლებობისას ვიყენებთ სუპერფოსფატს 500-750კგ ჰაზე, ხოლო კალიუმის ნაკლებობისას კალიუმის მარილს 250კგ ჰა-ზე.
დაფნის პლანტაციაში ნიადაგის განოყიერებისათვის საჭირო მინერალური და ორგანული ნივთიერებების ზუსტი დოზების გამოანგარიშება წარმოებს ნიადაგის აგროქიმიური ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე.
დაფნის ფიტოფტოროზი
სიმპტომები – დაავადებული დაფნის ფოთლების ზედაპირზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მუქინაცრისფერი ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქების ზომა და რიცხვი იზრდება და ისინი სრულად ფარავენ ფოთლის ზედაპირს.
ამ სახით დაზიანებული დაფნის ფოთლები გამოუსადეგარია მოხმარებისათვის, გარდა, ამისა
ქვეითდება ფოთლის ფუნქციები, რის შედეგადაც მცენარეები ზრდაში ჩამორჩებიან.
დაავადების ძლიერი განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ახალგაზრდა მცენარეების
სრული დაღუპვა.
ბრძოლა/პრევენცია – სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია დაზიანებული ფოთლების მოცილება და განადგურება და ასევე, წამლობის ჩატარება სპილენძის
შემცველი, ან დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედი ნივთიერების შემცველი ფუნგიციდებით.
დაფნის ბაქტერიული ლაქიანობა
სიმპტომები – ბაქტერიული ლაქიანობის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ფოთლებსა და ყლორტებზე. მათ ზედაპირზე ფორმირდება ყავისფერი დაზიანებული უბნები, საიდანაც ხდება ქარვისფერი გუმის დენა. დროთა განმავლობაში დაზიანებული უბნები ზომაში იზრდება და სრულად ფარავს ფოთლის ზედაპირს.
ფოთლებზე არსებული ლაქის ცენტრი დროთა განმავლობაში მუქდება და ფოთოლი
ნეკროზირდება. დაინფიცირებული ფოთლები შესაძლოა დაცვივდეს.
სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:
დაზიანებული მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან. ქიმიური კონტროლი – დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპილენძის შემცველი ფუნგიციდები.
ფოთლების ყავისფერი ლაქიანობა – ანთრაქნოზი
ვლინდება ადრე გაზაფხულზე დაფნის თითქმის ყველა ჯიშზე წვრილი ლაქების სახით, რომლებიც შემდეგ ერთიანდებიან და ფარავენ ფოთლის უმეტეს ნაწილს.
დაავადებებიდან გვხვდება აგრეთვე:
ფესვის სამხრეთული სიდამპლე – აავადებს ნათესარების
ფესვებს და ფესვის ყელს. მცენარის დაავადებული ნაწილი თეთრი ფერის მიცელიუმით, რომელზედაც შეიმჩნევა მრავალრიცხოვანი მრგვალი ღია სკლეროციდები.
სეპტორიოზი – ფოთლებზე წარმოშობს მოთეთრო ლაქებს. ძლიერი დაავადებისას ფოთლები
დაფაცხავებულია. ისინი პარაზიტი ფორმებია. მოთეთრო ლაქებზე შავი წერტილებით.
ვერტიცილიოზური ჭკნობა – ვლინდება მცენარეების ჭკნობის სახით, უმეტესად ფოთლების დაცვენისა და ფერის შეცვლის გარეშე.
დაფნის ძირითადი მავნებელი მწერები
ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა
ლათინური სახელწოდება – Chloropulvinaria aurantii SKll.
ზიანი – დაფნას მავნებელი უზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ღეროებს. გარდა ამისა,
ციტრუსოვანთა ბალიშა ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსპკრემენტებზე სახლდებიან საპროფიტული სოკოები, რის შედეგადაც დაზიანებული ორგანოები იფარება შავი ფერის ნადებით. ამ ფორმით დაზიანებული ნაყოფები ვერ აგროვებენ შაქრების საკმარის რაოდენობას.
ბრძოლის ღონისძიებები:
ადრე გაზაფხულზე გამოიყენება ზეთოვანი ემულსიები. ვეგეტაციის პერიოდში კი – მავნებლის განვითარების მიხედვით სპიროტეტრამატი, პირიმიფოს-მეთილი,
ქლორპირიფოსი, ესფენვალერატი და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი პრეპარატები.
იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა
ლათინური სახელწოდება. Ceroplastes japonicus Green.
ზიანი – იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა დაფნას ფოთლებსა და ღეროებს, რის შედეგადაც მცენარე სუსტდება, რიგ შემთხვევაში კი მთლიანად ხმება.
მავნებელი განსაკუთრებით ძლიერად აზიანებს დაფნას, თუთას, ჩაის, ციტრუსებს და მსხალს. პირდაპირ
მავნეობასთან ერთად, საკმაოდ დიდია მწერის მიერ გამოწვეული არაპირდაპირი ზიანი.
ცრუფარიანას მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება საპროფიტული სოკო კაპნოდიუმი. სოკოს შავი ფერის მიცელიუმი, ფარავს რა ფოთლის ზედაპირს, ანელებს ასიმილაციისა და დისიმილაციის პროცესებს მცენარეში, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარებაზე, პროდუქციის ხარისხსა და მოსავლის რაოდენობაზე.
ბრძოლის ღონისძიებები:
ადრე გაზაფხულზე გამოიყენება ზეთოვანი ემულსიები. ვეგეტაციის პერიოდში კი – მავნებლის განვითარების მიხედვით სპიროტეტრამატი, პირიმიფოს მეთილი,
ქლორპირიფოსი, ესფენვალერატი და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი პრეპარატები.
ნარინჯოვანთა (ჩაის) ბუგრი
ლათინური სახელწოდება. Toxoptera aurantii Boyer de Fons.
ზიანი – მავნებლის ძირითადი მკვებავი მცენარეებია: ჩაი, მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, დაფნა და იაპონური ხურმა.
ნარინჯოვანთა ბუგრი განვითარების ყველა ფაზაში აზიანებს დაფნის ფოთლებს და მწვანე ყლორტებს. ბუგრები ჩხვლეტენ ფოთლებს და იწვევენ მათ დახუჭუჭებას და გაყვითლებას. გარდა ამისა, ბუგრებით დასახლებული ფოთლები იფარება ბუგრის მატლების გამონაცვალი კანით და ექსკრემენტებით. მათზე კი სახლდებიან სხვადასხვა სოკოვანი ორგანიზმები.
ბრძოლის ღონისძიებები:
მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება: დელტამეტრინი, იმიდაკლოპრიდი, დიმეთოატი, ქლორპირიფოსი, თიაკლოპრიდი, თიამეთოქსამი და სხვ. ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ინსექტიციდები.
ბრძოლის ქიმიური მეთოდი დაფნის მავნებელ-დაავადებების და სარეველების
წინააღმდეგ
პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების ძირითადი პრინციპები
პესტიციდის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისათვის ასევე აუცილებელია:
გამოყენების ჯერადობების და დოზების დაცვა.
მოწამვლისაგან თავდაცვის საშუალებების გამოყენება.
პესტიციდის შენახვის წესების ცოდნა.
წამლობის უსაფრთხოდ ჩატარების ძირითადი წესების ცოდნა.
პესტიციდების უმრავლესობას გააჩნია კანონით განსაზღვრული გამოყენების ჯერადობა, რაც გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენჯერ შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული პესტიციდი ერთი სეზონის განმავლობაში. პესტიციდის ჯერადობის დარღვევა ზრდის მცენარეში მავნე ნივთიერებათა დაგროვების რისკებს და საფრთხე ექმნება როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. წამლობისას ასევე მნიშვნელოვანია დოზების ზუსტი დაცვა. პესტიციდის დოზას განსაზღვრავს სახელმწიფო, პესტიციდის მწარმოებელი და რეალიზატორი. შესაბამისად პესტიციდის შეძენა უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ
მაღაზიებში, სადაც შესაძლებელია მივიღოთ პესტიციდის დოზებთან დაკავშირებით კვალიფიციური
კონსულტაციები.
პესტიციდით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შესაბამისი სპეცტანსაცმლის, სათვალის და პირბადის გამოყენება. ტანსაცმელი, რომლითაც მოხდება წამლობის ჩატარება, უნდა გაირეცხოს ცალკე.
პირველ რიგში სასურველია მოხდეს პესტიციდის იმ რაოდენობით შეძენა, რამდენიც საჭირო იქნება
კულტურის ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებლად. ამით ფერმერი თავიდან აიცილებს ჭარბი და ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობას. პესტიციდების
შენახვის შემთხვევაში აუცილებელია დაცული იქნეს შესაბამისი წესები. მათ შესახებ ინფორმაცია მოცემულია პესტიციდის ტარის ეტიკეტზე. პესტიციდის შენახვა საჭიროა თავისივე, მჭიდროდ თავდახურულ ტარაში. იგი უნდა ინახებოდეს კვების პროდუქტების, მედიკამენტების, ცხოველთა საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებებისგან განცალკევებით – გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ, კარგად განიავებად, დახურულ შენობაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას, ადამიანებისა და ცხოველებისგან მოშორებით.
უშუალოდ წამლობის ჩატარებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას შემდეგი მნიშვნელოვანი
საკითხები:
წამლობა საჭიროა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში დილის, ან საღამოს საათებში.
დაუშვებელია ქიმიურ პრეპარატის (ფხვნილის, ხსნარის) შეხება დაუცველი ხელებით, აკრძალულია წამლობის დროს პესტიციდით დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა, საკვებისა და სასმელის მიღება.
დაუშვებელია პესტიციდის ცარიელი ტარის გამოყენება შემდგომი მოხმარებისათვის.
წამლობის დასრულების შემდეგ საჭიროა გამოყენებული შემასხურებელი აპარატურის გულდასმით გარეცხვა და ნარეცხი წყლის გახარჯვა დამუშავებულ ნაკვეთში.
დაფნის წამლობების ტაბულა და მისი გამოყენების წესები
წამლობების ტაბულას უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო
კულტურის წამლობების დაგეგმვის პროცესის გამარტივება. ტაბულა იძლევა საჭირო პრეპარატის
შერჩევის საშუალებას, როგორც არაკომბინირებული, ასევე კომბინირებული წამლობის ჩასატარებლად. გარდა ამისა, ტაბულ ს გამოყენებით შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში განსახორციელებელი პროფილაქტიკური წამლობების სქემის შედგენა.
არაკომბინირებული წამლობა – არაკომბინირებული წამლობის ჩატარება შესაძლებელია ტაბულაში
მოცემული ერთი კონკრეტული პრეპარატის გამოყენებით, კონკრეტული დაავადების, მავნებელი
მწერის ან ტკიპას წინააღმდეგ. ამ დროს აუცილებელია ტაბულაში მოცემული წამლობის პერიოდის,
კულტურის განვითარების ფაზის, პესტიციდის მოქმედების სპექტრის გათვალისწინება და
მითითებული დოზების დაცვა.
კომბინირებული წამლობა – კომბინირებული წამლობა ტარდება კულტურაზე ერთზე მეტი დაავადების
ან მავნებლის არსებობის, ან მათი გაჩენის პრევენციის მიზნით.
კომბინირებული წამლობების ჩასატარებლად პესტიციდების მარტივად შერჩევის მიზნით, ტაბულაში
პრეპარატები მოქმედების ტიპების მიხედვით დაყოფილია შესაბამისი ფერებით:
ყვითელი – ფუნგიციდი.
ლურჯი – ინსექტიციდი.
შინდისფერი – ფუნგიციდები, რომელთა ერთმანეთში შერევა შესაძლებელია კომბინირებული წამლობის დაგეგმვისას თითოეულ წამლობაში მოცემული თითოეული ტიპის პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას კომბინაციაში იმავე წამლობაში მოცემულ განსხვავებული ტიპის ნებისმიერ პესტიციდთან, ანუ შესაძლებელია თითოეულ ცხრილში არსებული ფუნგიციდის შერევა ინსექტიციდთან და კომბინირებული წამლობის ჩატარება.
დამატებითი ინსტრუქციები:
დაუშვებელია ერთი მოქმედების ტიპის, ანუ ფერში არსებული პრეპარატების ერთმანეთში შერევა
(ანუ ინსექტიციდის შერევა ინსექტიციდთან, აკარიციდის შერევა აკარიციდთან, ან ფუნგიციდის
შერევა ფუნგიციდთან, გარდა შინდისფერ ზოლებში არსებული ფუნგიციდებისა).
აუცილებელია წამლობების პერიოდების დაცვა.
მკაცრად უნდა იქნას დაცული ტაბულებში მითითებული პესტიციდების გამოყენების
რეგლამენტები – დოზების და გამოყენების პერიოდების შეცვლა დაუშვებელია სპეციალისტთან კონსულტაციების გარეშე.
შესხურებისას აუცილებელია პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ტაბულები მოიცავს პრეპარატების ფართო სპექტრს, აღსანიშნავია რომ პესტიციდების ბაზარზე არსებობს სხვა, პესტიციდები, რომელთა გამოყენებაც ასევე ეფექტურია დაფნის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ
დაფნის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ საჭირო წამლობების შესადგენი ტაბულა
დაფნის ბაღში გავრცელებული სარეველების წინააღმდეგ ჩასატარებელი წამლობების
შესარჩევი სქემა
სქემის გამოყენების წესები. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ წამლობების ტაბულების მსგავსად, სარეველების წინააღმდეგ ჩასატარებელი წამლობების სქემაც იძლევა არჩევანის საშუალებას, თითოეული კულტურისათვის. ამ შემთხვევაში მოცემულია კონკრეტული ჰერბიციდები, მათი მოქმედების სპექტრი, გამოყენების ვადები, სარეველათა სახეობები და
ჰერბიციდების გამოყენების რეგლამენტები (დოზები: ერთ ჰა-ზე და 100 ლ. წყალში.).
სქემის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული წამლობისათვის საჭირო ჰერბიციდის შერჩევა და წამლობის ჩატარება.
წამლობისათვის ჰერბიციდის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი
მნიშვნელოვანი ფაქტორები:
ერთი წამლობისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი ჰერბიციდის შერჩევა.
დაუშვებელია სქემაში მოცემული ჰერბიციდების ერთმანეთში შერევა.
აუცილებელია სქემაში მოცემული წამლობების პერიოდების და დოზების დაცვა. მათი შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციების შედეგად.
შესხურებისას აუცილებელია პესტიციდების
უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ სქემაში მოცემული ჰერბიციდების გარდა, არსებობს სხვა ჰერბიციდები, რომელთა გამოყენება ასევე ეფექტურია დაფნის ბაღებში გავრცელებული სხვადასხვა სახეობის სარეველების წინააღმდეგ.
ჰერბიციდების მოხმარებისას მნიშვნელოვანია ჰერბიციდის შესატანი სპეციალური ტექნიკის
სწორი შერჩევა და ჰერბიციდის მწარმოებლისმიერ განსაზღვრული წესების დაცვით შესხურება,
კულტურის განვითარების ეტაპისა და სარეველების სახეობების გათვალისწინებით.
1-4 წლამდე მცენარეები აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, უშუალოდ ადგილზე არსებული სიტუაციის მიხედვით, საჭიროა საშუალოდ 5-8-ჯერ მოირწყას მშრალ რაიონებში, ხოლო ტენიან რაიონებში კი იგივე ასაკის მცენარეების მორწყვა სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში საშუალოდ 2-3-ჯერ წარმოებს. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 400-500 მ3. მორწყვა შესაძებელია ჩატარდეს როგორც წვეთოვანი სისტემით, ასევე დაწვიმებით ან კვლებში მიშვებით.
დაფნა შესაძლებელია გაისხლას სხვადასხვა ფორმით, რადგან ბიოლოგიური თავისებურებებიდან
გამომდინარე იგი იძლევა ვარჯის საჭიროებისამებრ ფორმირების საშუალებას. ამავე დროს შტამბის
მოვლისას აუცილებელია ღეროების მკვდარი ქერქისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება და
დაზიანებული-დაავადებული ან გამხმარი ტოტების დროული მოცილება ვარჯიდან.
ცნობილია დაფნის გასხვლა- ფორმირების 3 ხერხი: შტამბიანი, ბუჩქური და შპალერული.
დაფნის პლანტაციის ბუჩქური ან შპალერული წესით გაშენების დროს მცენარეთა გასხვლაფორმირება, ბუჩქის გაძლიერების მიზნით, იწყება დარგვიდან მესამე წელს.
გასხვლისას ბუჩქები ბაღის მაკრატლით ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ზე იჭრება.
გადაჭრის შემდეგ წარმოიქმნება პირველი რიგის ტოტები, რითაც მკვეთრად იზრდება ფოთლის მომცემი ზედაპირი.
შპალერული წესით გაშენებულ დაფნის პლანტაციაში ნარგავები მეორედ ფესვის ყელიდან 20-25 სმზე უნდა გადაიჭრას. ვარჯის ფორმირება ძირითადად მეორე გასხვლით უნდა დამთავრდეს.
შპალერულად გაშენებულ დაფნის პლანტაციებში მოსავალს იღებენ 2 წელიწადში ერთხელ.
ბუჩქებზე 5-10 სმ სიმაღლის ერთწლიანი ამონაყარის ნეკი უნდა დარჩეს.
პლანტაციის ექსპლოატაცია განახლების გარეშე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსავალი არ დაიწყებს შემცირებას და შპალერი მიაღწევს 80-90 სმ სიმაღლეს.
მოსავლიანობის დაცემისას პლანტაცია ფესვის ყელიდან 20 სმ-ზე მძიმედ უნდა გაისხლას, რის შემდეგ მოსავლის ციკლი კვლავ მეორდება.